Monday, March 24, 2008

ხათუნა აბრამიას გაკვეთილი

19 მარტს 122-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა ხათუნა აბრამიამ ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე "ვულკანები". გაკვეთილი ჩატარდა კომპიუტერულ ლაბორატორიაში, გამოყენებული იყო ერთი სამაგიდო კომპიუტერი და პროექტორი. მასალების წინასწარი მოძიების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რომლებმაც ინტერნეტის საშუალებით მოაგროვეს დიდძალი ვიზუალური და ტექსტური მასალა, ააწყვეს პრეზენტაციები; ვულკანების გეორეფერენსირებისთვის გამოიყენეს გუგლ დედამიწა, რაც მეტად ეფექტური და კარგად აღსაქმელი იყო.

გაკვეთილის ბოლო ნაწილში გაიმართა დისკუსია ახალი მასალის გარშემო, რომელშიც მთელი კლასი აქტიურად იყო ჩართული, თვითონ მოსწავლეებმა დასვეს სააზროვნო კითხვები და თავადვე ცდილობდნენ ლოგიკური პასუხების პოვნას.
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ინფორმაციული მენეჯერი მანანა კვინიკაძე.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სხვა საგნობრივი ქსელის მასწავლებლები, რომლებმაც საკუთარ კლასში მსგავსი აქტივობის ჩატარების სურვილი გამოთქვეს.

Thursday, March 20, 2008

დალი ირემაშვილის გაკვეთილი

13 მარტს 145-ე სკოლის პედაგოგმა დალი ირემაშვილმა მე-9 კლასში ჩაატარა გეოგრაფიის გაკვეთილი, რომლის დაგეგმვის, მოსწავლეთა მიერ მასალების მოძიების და უშუალოდ გაკვეთილის წარმართვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ინფორმაციული ტექნოლოგიები. გაკვეთილი იყო ახალი საკითხის გაცნობის ხასიათის, კერძოდ, მსოფლიოში გავრცელებული სატრანსპორტო საშუალებებზე, თუმცა წინასწარ ჩატარებული იყო მოსამზადებელი სამუშაოები: მოსწავლეებს მასწავლებლის ზოგადი მითითების საფუძველზე შეგროვებული ჰქონდათ თემატიკის მიხედვით მულტიმედიური მასალა; გარდა ამისა, მასწავლებელმა წინასწარ დაგეგმა გაკვეთილის მიმდინარეობა, საკლასო მენეჯმენტი და სავარაუდო შედეგები.
მოსწავლეებს მოუწიათ ჯგუფებში მუშაობა, ახალი მასალის გაცნობა და პრეზენტაცია. პრეზენტაციის დროს ინფორმაციული მენეჯერის, ხათუნა გულიაშვილის მიერ პროექტორის საშუალებით ხდებოდა თემატურად შესაბამისი, წინასწარ მომზადებული სლაიდების ჩვენება, რაც მეტად ეფექტური გამოდგა მთელი კლასის ყურადღების კონცენტრაციისა და, საბოლოოდ, დასახულ შედეგების მიღწევისთვის. გაკვეთილის ბოლო ნაწილში მოსწავლეები სპეციალური რუბრიკის მიხედვით თავად აფასებდნენ საკუთარ თავს და გაკვეთილის მიმდინარეობას.
გაკვეთილს ესწრებოდნენ როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა პედაგოგები, ასევე დაინტერესებული მასწავლებლები 182-ე და 146-ე საჯარო სკოლებიდან.
ქალბატონმა დალიმ შემდეგ შეხვედრაზე თავის კოლეგებთან ისაუბრა გაკვეთილის დაგეგმვისა და მიმდინარეობის დეტალებზე; აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შრომა დაიხარჯა მოსამზადებელ აქტივობებში და პროექტორის გამოყენება გარკვეული დისკომფორტიც კი იყო მისთვის, საბოლოოდ აღმოჩნდა, სწორედ მოსწავლეების ჩართვა დაგეგმვის პროცესში და ვიზუალური ეფექტები გახდა გაკვეთილის წარმატების მიზეზი.