13 მარტს 145-ე სკოლის პედაგოგმა დალი ირემაშვილმა მე-9 კლასში ჩაატარა გეოგრაფიის გაკვეთილი, რომლის დაგეგმვის, მოსწავლეთა მიერ მასალების მოძიების და უშუალოდ გაკვეთილის წარმართვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ინფორმაციული ტექნოლოგიები. გაკვეთილი იყო ახალი საკითხის გაცნობის ხასიათის, კერძოდ, მსოფლიოში გავრცელებული სატრანსპორტო საშუალებებზე, თუმცა წინასწარ ჩატარებული იყო მოსამზადებელი სამუშაოები: მოსწავლეებს მასწავლებლის ზოგადი მითითების საფუძველზე შეგროვებული ჰქონდათ თემატიკის მიხედვით მულტიმედიური მასალა; გარდა ამისა, მასწავლებელმა წინასწარ დაგეგმა გაკვეთილის მიმდინარეობა, საკლასო მენეჯმენტი და სავარაუდო შედეგები.
მოსწავლეებს მოუწიათ ჯგუფებში მუშაობა, ახალი მასალის გაცნობა და პრეზენტაცია. პრეზენტაციის დროს ინფორმაციული მენეჯერის, ხათუნა გულიაშვილის მიერ პროექტორის საშუალებით ხდებოდა თემატურად შესაბამისი, წინასწარ მომზადებული სლაიდების ჩვენება, რაც მეტად ეფექტური გამოდგა მთელი კლასის ყურადღების კონცენტრაციისა და, საბოლოოდ, დასახულ შედეგების მიღწევისთვის. გაკვეთილის ბოლო ნაწილში მოსწავლეები სპეციალური რუბრიკის მიხედვით თავად აფასებდნენ საკუთარ თავს და გაკვეთილის მიმდინარეობას.
გაკვეთილს ესწრებოდნენ როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა პედაგოგები, ასევე დაინტერესებული მასწავლებლები 182-ე და 146-ე საჯარო სკოლებიდან.
ქალბატონმა დალიმ შემდეგ შეხვედრაზე თავის კოლეგებთან ისაუბრა გაკვეთილის დაგეგმვისა და მიმდინარეობის დეტალებზე; აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შრომა დაიხარჯა მოსამზადებელ აქტივობებში და პროექტორის გამოყენება გარკვეული დისკომფორტიც კი იყო მისთვის, საბოლოოდ აღმოჩნდა, სწორედ მოსწავლეების ჩართვა დაგეგმვის პროცესში და ვიზუალური ეფექტები გახდა გაკვეთილის წარმატების მიზეზი.
No comments:
Post a Comment